ესეები

გრიგოლ რობაქიძე – “დავით აღმაშენებელი” ეს მეფური მართვა-კიდევ უნდა დავლოცოთ გენია ქართული სიტყვისა: “მართვა”, ანუ დგინება “მართლისა”-ეს მეფური მართვა, საკრალურად მიჩნეული, გვხვდება არა მარტო ქართულ მითოსში, არამედ ქართულ “ისტორიაშიც”. “რამეთუ თქვენ ხელმწიფენი უფალგყვა ღმერთმა ქვეყანასა განგებასა”-ვკითხულობთ გიორგი მერჩულის უკვდავ ნაწარმოებში: “ცხოვრებაი წმინდა გრიგოლ ხანძთელისა”, “სამეფო ტახტი მერწმუნა პირველ ღვთისაგან და მერე მშობელთა ჩემთაგან”-ამბობს დიდი დედოფალი თამარ. კიდევ უფრო საოცარი: საქართველოში ჩვენ გვხვდება თვით “მეფე-ღვდელიც”. სახელი მისი აღმაშენებელი დავით, დიდი მხედარი და ნათელმოსილი პიროვნება. ომში მას “საღმთო წერილიც” მიჰქონდა ხოლმე თან. ერთხელ “სამოციქულოს კითხვამ ისე გაიტაცა იგი, რომ კინაღამ წააგო ბრძოლა მან. თავის სახელს იგი სჭრიდა ფულზე ხან როგორც “ხრმალი ქრისტესი” ხან კი როგორც “ყრმა ქრისტესი”: ხრმალი აქ მეფეა, ყმა კი “მღვდელი”. გავიხსენოთ Saint Bernard და მისი “Règle de l’Ordre du Temple”, მის მიერ როგორც “Milice de Dieu”, წოდებული. ჯვაროსანთა მიერ დავითი უდიდეს პიროვნებად იყო მიჩნეული. მოვიყვანოთ ის ცნობანი, რომელნიც შესანიშნავად “მონივთა” ზ. ავალიშვილმა თავის ცნობილ ნარკვევში. 1109 წელს პარიზში მიიღეს ჯვარი, რომელზედაც ქრისტე აცვეს გადმოცემით. გამომგზავნი იყო ანსელიუს, წმინდა საფლავის კანტორი იერუსალიმში. ჯვარი დაასვენეს დიდი მოწიწებით ერთ პატარა ბაზილიკაში, რომლის ალაგს შემდგომ აღიმართა ცნობილი ტაძარი “Notre Dame”. 1793 წელს, რევოლუციის დროს, ეს ტაძარიც დაარბიეს და ააოხრეს: ჯვარი დაიკარგა უკვალოდ. კანტორი სწერს თავის ეპისტოლეში: მე ეს ჯვარი საქართველოს მეფის დავითის ქვრივისაგან მივიღეო. ნუ გამოვუდგებით აქ ისტორიულ შეცდომას: დავითი იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ჩვენთვის საგულისხმოა ეპისტოლეში ერთი თქმა: დავითმა “გოგსა და მაგოგს” კასპიის ბჭენი გადაურაზა და გზები მოუჭრაო.

No comments:

Post a Comment